კახა კალაძე: მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე

26.01.26 14:16
კახა კალაძე: მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე

 

 

მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე - ასე პასუხობს კახა კალაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვას. 

არის თუ არა თავად პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, კალაძე ამბობს: "დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ვერ იქნება".

მისი თქმით, "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება".

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელმაც დანაშაული უნდა გამოავლინოს, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება". - თქვა კახა კალაძე. 

„შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკისრება.

გამოძიებაში საუბარია სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე - შალვა ანდღულაძესა და დავით კერესელიძეზე, რომელთა ოჯახის წევრების სახელზე, დოკუმენტების მიხედვით, ათობით უძრავი ქონება, ძვირადღირებული სახლები, ბინები და ავტომობილებია რეგისტრირებული. 

ანდღულაძესა და კერესელიძეს ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი აქვთ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან. უცნობია, რა პირობებით დატოვეს მათ საპატიმრო - ითანამშრომლეს თუ არა გამოძიებასთან, ან ვის პასუხისმგებლობას შეეხო მათი ჩვენებები.

ამასთან ცნობილია ისიც, რომ ბრალი წარედგინა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, "საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა".