₾30 ათასი გირაო და ქვეყნის დატოვების აკრძალვა - ვაშაძეს პასპორტი ჩამოართვეს
თბილისის საქალაქო სასამართლო "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც, მას პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩამოართვეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
დავასახელეთ 2 საფრთხე - ერთი იყო მიმალვის საფრთხე და მეორე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიუხედავად ამ საფრთხეებისა აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვეთ გირაო, თუმცა გირაო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბრალდებულს ჩამორთმეოდა პასპორტი და პირადობის მოწმობა და დაწესებოდა აკრძალვა - პროკურორის თანხმობის გარეშე არ გადაეკვეთა საზღვარი. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ გირაოს პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღმოფხვრილი იქნეს ის საფრთხეები, რაც არის მიმალვა, მათ შორის სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის გზით..." - განაცხადა საქმის პროკურორმა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროკურორმა სასამართლოზე თავადვე დაადასტურა, რომ თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წასვლა სურდა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სამი დღის მანძილზე შეეძლო ქვეყნის დატოვება, თუმცა არ წასულა.
[პროკურორი] თვითონ ადასტურებს ჩემ სიმართლეს, რომ 3 დრე მქონდა შესაძლებლობა წავსულიყავი იმიტომ, რომ ზურა [ჯაფარიძეს] რომ პასპორტი ჩამოართვეს, მეც ჩამომართმევდნენ პასპორტს, მაგრამ არ წავედი და მაგას ვუხსნიდი... შეიძლება შინაარსი და აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც საქმეში უნდა დაფიქსირდეს იმიტომ, რომ ეს უკვე ისეთი საქმეებია, რომ აუცილებლად სხვა ინსტანციები განიხილავს, სტრასბურგი, ა.შ. და ზოგადად პრაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს არა ისეთი მომავალში, რომ ადამიანი მინდა გავაწვალო, გავაწამო და უბრალოდ ამიტომ პასპორტიც წაგართვი... მშვიდად, წყნარად უნდა მივყვეთ პროცესს, მთავარია, რომ ჩვენი მიზანი არის ძალიან ნათელი - გვინდა სამართლიანობა ქვეყანაში, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ზოგადად რისთვისაც ვიბრძვით იმის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი სამართლიანობა მარტო ჩემ მხარდამჭერს კი არ უნდა, არამედ იმასაც უნდა, ვინც მე არ მგულშემატკივრობს იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება ის ხალხის დადგეს იმის წინაშე, რომ ვიღაცამ მოისურვა მისი ციხეში ჩასმა და ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. [...]
ტექნოლოგიურ სამყაროში ვართ, ვინმესთან საუბარი თუ გინდა მაინც დაელაპარაკები, ვთქვათ ევროპარლამენტარი ან აქ ჩამოვა, ონლაინში დაელაპარაკები თუ დაგჭირდა, მაგრამ მაგას არ ისახავს მიზნად სინამდვილეში, სინამდვილეში მიზნად ისახავს, რომ აი ამითაც გაგაწამებ, ესეც შემიძლია. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ, არ უნდა გამოიწვიოს ამან ჩვენში გაღიზიანება და ა.შ...." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, საუბარია, ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებაზე.
გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი 23 იანვარს დატოვა. პოლიტიკოსს ამ შემთხვევაში თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარის თქმას ედავებოდნენ.