"გამოიძიეთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები" - გაეროში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი
გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, მარი რამბახმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები უნდა გამოიძიოს.
ასევე, გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოლო დროს მიღებული კანონები და კანონში შეტანილი ცვლილებები უნდა გააუქმოს.
- ცნობისთვის, გუშინ, 26 იანვარს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს და დაზარალებულებისთვის სამართლიანობა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია უზრუნველყოს. ასევე, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებები. საქართველომ უნდა გააუქმოს ან შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები," - თქვა მარი რამბახმა.