"გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი" - გაერო-ს ჟენევის ოფისში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი
"გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი" - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ევგენი ციმბალიუკმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
ასევე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ქვეყანას მოუწოდა გააუქმონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" და "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი რეგრესიული ცვლილებები.
კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და „"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, გააუქმოს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი რეგრესიული ცვლილებები და სამართლებრივი ჩარჩო ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს," - განაცხადა ევგენი ციმბალიუკმა.