მოსმენა გაეროში საქართველოს შესახებ - ოპოზიციის შეფასება
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, გუშინ, 26 იანვარს, გაეროს ჟენევის ოფისში, ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას ეხმაურებიან.
- გაეროს ჟენევის ოფისის მუდმივმა წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული კანონები და კანონში შეტანილი ცვლილებები. ამასთან, მოუწოდეს ივანიშვილის ხელისუფლებას გაათავისუფლოს სინდისის და პოლიტიკური პატიმრები და გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტები.
- "ოცნებას" მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა მოუწონა ადამიანი უფლებათა დაცვის სტანდარტი და გატარებული რეფორმები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს აწყობს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნა და ის მეთოდები, რასაც "რეჟიმი მიმართავს".
ბუნებრივია, რომ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელი,, გაეროში ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას იყო აღფრთოვანებული საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის მიერ ჩატარებული "რეფორმებით". მან მოუწონა ე.წ. პოლიციის რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, სასამართლოს რეფორმა მაშინ, როდესაც საქართველოში კანონის უზენაესობა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს აწყობს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნა და ის მეთოდები, რა მეთოდებსაც ამ ძალაუფლებაში ყოფნისთვის მიმართავს რეჟიმი. ეს არის ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა იმ იზოლაციისთვის, რა იზოლაციაშიც არის "ქართული ოცნების" ძალადობის და ქაოსის რეჟიმი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მხრიდან შექება დაიმსახურა.
საქართველოზე ამგვარი კრიტიკული დებატები გაეროში არავის არ ახსენდება და NATO-ს და ევროკავშირის კრიტიკის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა შეძლო გაეროში კრიტიკის მიღება და მოწოდება დაბრუნებოდა დემოკრატიას. ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმმა შეძლო ტაშის მიღება უკვე გაეროდან რუსეთის მხრიდან და შექება იმ ავტორიტარიზმის გამო, რომელიც დამახასიათებელია რუსული ტიპის რეჟიმებისთვის. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ სადმე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველო არის, ყველა ორგანიზაციიდან, მათ შორის უკვე გაეროდან მათ აქვთ მნიშვნელოვანი კრიტიკა," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის თქმით, ახალი არაფერია იმაში, რომ მასშტაბური აქციების დროს "ოცნების" რეჟიმმა ფაქტობრივად ლამის სიკვდილამდე მიიყვანა ადამიანები".
ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ, რამდენად არაადეკვატური, არაპროპორციული ზომები გამოიყენა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, გავიხსენოთ, როგორც ცემდნენ და აწამებდნენ შუა ქუჩაში და ამას ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, ამაში სიახლე რა არის, ყველამ კარგად ვიცით, ცნობილი ფაქტია, რომ "ოცნების" რეჟიმმა ფაქტობრივად ლამის სიკვდილამდე მიიყვანა ადამიანები," - თქვა გიორგი შარაშიძემ.