კორუფციული სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - "სავარაუდოდ, საქმე აზარაშვილის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ წავა"
კორუფციული სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - ილია ღუდუშაურის დაკავების შემდეგ, კორუფციის მკვლევარები გამოძიებას მოუწოდებენ "ჯითი ჯგუფის" მიერ მიღებული ტენდერებითაც დაინტერესდეს.
- "ჯითი ჯგუფი" არის კომპანია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერი მოარგო და რამდენიმე თვის წინ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სასწრაფოს მანქანების ჩამოყვანაზე უარი უთხრა.
როგორც "პირველებთან" კორუფციის ექსპერტი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, დავით მჟავანაძე აცხადებს, "ჯითი ჯგუფის" მფლობელები "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემწირველები არიან.
მისივე თქმით, ამ კომპანიასთან აგრეთვე დაკავშირებულია ბექა ოდიშარიას ქვისლი - ლევან გოგსაძე, რომელიც მჟავანაძის ინფორმაციით, ადრე კომპანიის დირექტორის პოზიციასაც იკავებდა.
კორუფციის მკვლევარის თქმით, სწორედ აღნიშნული კომპანიისგან აქვს შესყიდული ავტობუსები თბილისისა და ზუგდიდის მერიასაც.
"თუ კორუფციასთან ბრძოლა არის, მაშინ უნდა დაიწყონ ამ ტენდერების მოკვლევაც და ეს კომპანიაც უნდა მიეცეს პასუხისგებაში" - აცხადებს მჟავანაძე.
რაც შეეხება სასწრაფოების მანქანების შესაძენად გამოყოფილ 10 მილიონს, მჟავანაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტომ თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გრანტად მიიღო, საიდანაც ფული "ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და ზურაბ აზარაშვილის ჯიბეში წავიდა".
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ახლა საქმე სწორედ აზარაშვილის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ წავა.
ეს კომპანია უნდა გავიხსენოთ, რომ არის ლევან გოგსაძის. გოგსაძე, რომელიც არის ბექა ოდიშარიას ქვისლი აგრეთვე იყო გენერალური დირექტორიც ამ კომპანიის. ეს კომპანია წარსულშიც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული კორუფციის გზით ტენდერების დაპატრონობაში, მათ შორის 2019 წელს ზუგდიდის მერიამ მისგან ტენდერით 600 ათასით უფრო ძვირად იყიდა ავტობუსები, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, ეს ადრეც უნდა გამხდარიყო კვლევის საგანი, უბრალოდ ახლა დასჭირდათ და დაიწყეს შიდა კლანური დაპირისპირებისთვის ამ საქმის ამოტივტივება.
ისიც უნდა ითქვას, რომ თანხა, რომელსაც ედავებიან აი ამ ტენდერის მეშვეობით, 10 მილიონი ევრო, ეს არის ევროპის ინვესტიციის ბანკის მიერ გრანტად მოცემული ფული - ანუ ევროპული სტრუქტურებიდან, რომელსაც დღე და ღამე ლანძღავენ, მაქედან მოიპარა ღარიბაშვილმა, ივანიშვილმა და აზარაშვილმა და არ შეიძინეს ის ავტომობილები, რაც იყო საყიდელი.
ანუ ამ კომპანიას აქვს მოგებული 350 მილიონი ლარის დაახლოებით 200 ტენდერი მოგებული. მათ შორის თბილისის მერიას აქვს მისგან შესყიდული უამრავი ავტობუსი, მათ შორის ზუგდიდის მერიას და თუ კორუფციასთან ბრძოლა არის, მაშინ უნდა დაიწყონ ამ ტენდერების მოკვლევაც და ეს კომპანიაც უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ამავე დროს ეს კომპანიის მეპატრონეები არიან მსხვილი შემწირველები "ქართული ოცნების" - დაახლოებით 250 ათასი ლარი აქვთ შეწირული წლების განმავლობაში ოფიციალურად. ამიტომაც თუ კორუფციასთან ბრძოლა არის, მოდი ესეც გამოიძიონ, მაგრამ სავარაუდოდ, საქმე წავა აზარაშვილის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ - რაც სჭირდებათ, მხოლოდ იმას გამოაჩენენ", - აცხადებს დავით მჟავანაძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდს.
საქმის მასალების მიხედვით, ამავე 2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.