ივანიშვილის პარტიაში ისევ ვერ აკონკრეტებენ, ვისთან და რაზე სურთ დისკუსია

27.01.26 21:05
ივანიშვილის პარტიაში ისევ ვერ აკონკრეტებენ, ვისთან და რაზე სურთ დისკუსია

ქადაგების შინაარსთან დაკავშირებულ კრიტიკას მეუფე იაკობი ამბიონიდან გამოეხმაურა. ბოდბელი ეპისკოპოსი სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის, მიანიშნებს, რომ ქადაგების თემატიკა სასულიერო პირის გადასაწყვეტია. სინოდის წევრი, რომელიც წარსულში ივანიშვილის პარტიისადმი ლოიალურად იყო განწყობილი, ამჯერად „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

გია ვოლსკიმ მეუფე იაკობს პოლიტიკასთან დაკავშირებული განცხადებების გამო უსაყვედურა, რის პასუხადაც ეპისკოპოსმა განმარტება ისევ ამბიონიდან გააკეთა.

მეუფე იაკობი უკვე მეორედ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ. რამდენიმე დღის წინ მან ქადაგების დროს „ქართულ ოცნებას“ ურჩია, ოპოზიციასთან შერიგების პროცესში ეკლესიის შუამავლობა განეხილა და აღნიშნა, რომ პროცესში სასულიერო პირებიც უნდა ჩართულიყვნენ. მისი თქმით, ამ ინიციატივას თანხმობა არ მოჰყოლია. ამჯერად ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება მტრის ინტერესებში შედის.

გია ვოლსკის მხრიდან მეუფე იაკობის ამ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერი მედიის წინაშე მანამდე გამოჩნდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დაპირისპირების განმუხტვა პოლიტიკური დებატების გზით არის შესაძლებელი. ვოლსკის თქმით, კონფლიქტში მყოფი მხარეები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან და რა თემებზე არის მზად ასეთი დებატებისთვის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.