ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესა და პოლიციელს შორის ჩხუბი ნათლობის სუფრაზე დაიწყო - ახალი დეტალები

28.01.26 11:23
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესა და პოლიციელს შორის ჩხუბი ნათლობის სუფრაზე დაიწყო - ახალი დეტალები

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება იმ პოლიციელის ვინაობა, ვისზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებითაც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს - ის გოგა ჯინჭარაძეა. როგორც შსს გავრცელებულ განცხადებაში წერს, სამართალდამცველს დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. 

"ტვ პირველმა"  გაარკვია, რომ დაპირისპირება "ოცნების" მაღალჩინოსანსა და პოლიციელს შორის ოზურეგთის რესტორან „ილიკოში“ ნათლობის სუფრაზე დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე ფიზიკურ ანგარისშოწრებაში მის თანმხლებ კიდევ ორ  პირთან ერთად იყო ჩართული, რომლებსაც ახლა პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 

"პირველები" იმ ოჯახის წევრს ესაუბრა, რომელსაც რესტორან "ილიკოში" ბავშვის ნათლობა ჰქონდა. ბავშვის ბებია მომხდარზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დაპირისპირების დროს რესტორანში უკვე აღარ იმყოფებოდა.

ბავშვი მყავდა ჩაბარებული, ამიტომ მივედი და წამოვედი მალევე. ვერ გეტყვით ვერაფერს", - ამბობს ბებია. 

რესტორან "ილიკოში" ასევე სტუმრებს შორის იყო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიაც, თუმცა როგორც ის ამტკიცებს, ჩხუბის დროს უკვე სახლში იმყოფებოდა. 

არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს. მეც ვიყავი კი დაპატიჟებული, მაგრამ მე წამოვედი ადრე და გავიგე ამ დილით. არაფერი არ ვიცი აბსოლუტურად. ვინ არის მიმალვაში ეგეც არ ვიცი. არა პოლიციელებს დაკითხვაზე არ დავუბარებივარ", - ამბობს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდები ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე გუშინ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად გაავრცელა. 

უწყების ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.  კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.