ღუდუშაურმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან - პროკურატურა მის მიმართ საპატიმრო გირაოს მოითხოვს

28.01.26 12:20
ღუდუშაურმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან - პროკურატურა მის მიმართ საპატიმრო გირაოს მოითხოვს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და გამოძებასთან თანამშრომლობს - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გვარაკიძის უწყება აცხადებს, ბრალდების მხარე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სასამართლოში საპატიმრო გირაოს შუამდგომლობით შევა. 

ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

ილია ღუდუშაურს ბრალი დღეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა.

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.

2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.

შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.

ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.