ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

28.01.26 15:28
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ოცნების" მთავრობის ამოაცნაა, მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. ამის შესახებ მან ფასების კომისიაზე ისაუბრა, რომელზეც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

"ოცნების" პრემიერის თქმით, ფაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისგან აინტერესებს, რამდენად არსებობს სივრცე, რომ მედიკამენტებზე ფასები კიდევ შემცირდეს. 

რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.