"ოცნება": შტატებში დაქირავებული ლობისტები არ გვყავს
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ აშშ-ში ლობისტები არ ჰყავს. საქმე ეხება რესპუბლიკური პარტიის დონორს და ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera Resources-ის ხელმძღვანელს, სტივ ნიკანდროსს, რომელიც „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ ლობირებს.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ საკითხთან კავშირი არ აქვთ და არც ის იციან, რამდენად სწორი ინფორმაციაა.
არ ვიცი, ის, რაზეც სტატიაშია საუბარი, რამდენად სწორია ან არასწორია, თუკი ეს სიმართლეა, მას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და არანაირ დაცვას და წარმოადგენას ქართველი ხალხი არ საჭიროებს. ჩვენი ხალხის მთავარი დამცველი არის ის საქმე, რაც ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვაა საჭირო, მეტი არაფერი იმისთვის, რომ გააზრებული იქნას, თუ რა როლი აქვს, თავის დროზე, საქართველოს შეტანილი ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში, - ამბობს პაპუაშვილი.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ამგვარ ლობისტებს მიესალმებოდა, თუმცა "ოცნებას" ასეთები არ ჰყავს.
მე მივესალმებოდი, რომ გვყოლოდა, მაგრამ მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. მე არ მაქვს ინფორმაცია არც ფორმალურ, არც არაფორმალურ, თუ ასეთი, რა თქმა უნდა, არსებობს, ასეთ ლობისტებზე. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები თუ ნებისმიერი ადამიანი ლობირებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს კარგ კოტექსტში და არა იმ მარაზმს, რასაც ჩვენ ვისმენთ ხოლმე, მათ შორის, ამ ე.წ. "მეგობარი აქტის" ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროაში საქმიანობიდან გაომდინარე, ვიცი ამ ადამიანის შესახებ, ზოგადად. მაშინ, რამდენადაც მახსოვს, იგი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, - ამბობს მახაშვილი.
ამასვე ამტკიცებს თენგიზ შარმანაშვილიც.
ჩვენ ოფიციალური ლობისტები, რომ ფულს ვუხდიდეთ და ისე ლობისტობდნენ, ასეთი არ გვყავს. თუ ვინმეს უნდა ჩვენი მეგობრობა და რაღაცაში დახმარება, ამაზე უარს არასდროს ვეუბნებით, - ამბობს შარმანაშვილი.
რესპუბლიკური პარტიის დონორი და ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera Resources-ის ტექსასელი ხელმძღვანელი, სტივ ნიკანდროსი „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ ლობირებს. ამის შესახებ The Hill-ს წერს.
სტატიის მიხედვით, ნიკანდროსმა 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს და მოუწოდა, ხმა მიეცა კანონპროექტის წინააღმდეგ. The Hill წყაროს კონფიდენციალურობის გამო კონგრესმენის სახელს არ ასახელებს.
ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული და კომპანია ახალი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამის დაწყებას გეგმავს. მისი შეფასებით, „მეგობარი აქტი“ და სხვა სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.