მოწმე: "რომეო მიქაუტაძის ძვირადღირებული საათების და ოქროს ზოდების წარმომავლობა ვერ დავადგინეთ"

28.01.26 17:21
მოწმე: "რომეო მიქაუტაძის ძვირადღირებული საათების და ოქროს ზოდების წარმომავლობა ვერ დავადგინეთ"

ეკონომიკის მინისტრის ბრალდებული ექს-მოადგილე მოსამართლემ ისევ პატიმრობაში დატოვა - ერთადერთი მოწმე, რომელსაც დღეს საქალაქო სასამართლოში მოუსმინეს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი იყო, პირი, რომელმაც რევიზია ჩაუტარა რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების ქონებას.

დღევანდელმა მოწმემ ცალსახად თქვა, რომ იმ წლებში, როდესაც ეკონომიკის მინისტრის ბრალდებული ექს მოადგილე პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა, მისი შემოსავლები გაცილებით ნაკლები იყო დანახარჯებზე - დაახლოებითი ცდომილება 8 მილიონია. ეს სწორედ ის თანხაა, რომლის უკანაონო რეალიზაციასაც პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება. 

მოწმე ასევე ყვებოდა, რომ წლების განმავლობაში დაუსაბუთებელი ქონება ჩნდებოდა მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების სახელზე - "მიქაუტაძის ძვირადღირებული საათების და ოქროს ზოდების და წარმომავლობა ვერ დავადგინეთ".

“სუსის მოთხოვნის საფუძველზე, დავიწყეთ, მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის მოკვლევა.  შესწავლის პერიოდი იყო 2017 წლიდან - 2024 წლამდე, რა პერიოდშიც მიქაუტაძე სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა.

დასკვნის შედგენაში ჩემს გარდა მონაწილეობდა კიდევ სამი აუდიტორი. დავადგინეთ, რომ რომეო მიქაუტაძის შემოსავლებს, გაცილებით აღემატებოდა მის კუთვნილებაში არსებული ქონება. 2 მილიონის შემოსავლები იყო ლეგალური და დეკლარირებული, გაწეული ხარჯები კი- 11 მილიონს შეადგენდა.

დადგინდა რომ სხვადასხვა კომპანიის გასხვისებით 200 ათასი მიიღეს,  ნინო მიქაუტაძე 2 კომპანიიდან ყოველწლიურად იღებდა 100 ათას ლარს. დიდი ოდენობით ჩარიცხვები რომეო მიქაუტაძის ანგარიშზე ხდებოდა ოჯახის ახლობლებისგან. ასევე დაფიქსირებულია დედისგან 50-100 ათასის ჩუქების ფაქტები. ოქროს ზოდები და ძვირადღირებული საათები გააჩნდა რომეო მიქაუტაძეს რომელთა წარმომავლობა ვერ დგინდება.”- განაცხადა მოწმემ. 

ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს განსასჯელის სკამიდან ბევრი კითხვა დაუსვა მოწმეს - ამბობდა, რომ მისი წინა წლების შემოსავლები გათვალისწინებული არ იყო, მაგალითად ის პერიოდი, როდესაც ის "საქრუს ენერგოში" მუშაობდა, სადაც დადასტურებულია, რომ მილიონზე მეტის ხელფასი ჰქონდა. ასევე მისი თქმით, გასათვალისწინებელი იყო ის საბანკო სესხები, რომელიც მიქაუტაძეების ოჯახს აღებული ჰქონდა.

სწრორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება დაცვის მხარის წარმომადგენლებმა. ადვოკატის თქმით, დღევანდელი მოწმის ჩვენებით დადასტურდა ის, რომ დაახლოებით 5 მილიონის ქონების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად დამალულია იმ დასკვნაში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა დადო. 

მთავარი, რაც დღეს მოწმის სახით დაკითხულმა რევიზორმა დაადასტურა, იყო ის, რომ გამოძიებამ მას დაუმალა დოკუმენტაცია 800 ათასი დოლარის და 300 ათასი ლარის, ჯამში ორ მილიონ ნახევარი ლარი არის, შემოსავლის არსებობის შესახებ, რაც გამოძიებაში დოკუმენტალურად არის წარდგენილი და ანტიკორუფციულ ბიუროშიც წარდგენილი იყო ბატონი რომეოს დაკავებამდე. ბეთლემის ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებაზე იყო საუბარი, რომელცი დაახლოებით 2 მილიონ 600 ათას ლარად არის შეფასებული და იმ 8 მილიონ ლარში შედის. არ არის  გათვალისწინებული, რომ ეს ქონება არის შეძენილი სესხით, მიუხედავად იმისა, რომ თავად რევიზორიც ადასტურებს, რომ კი ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სესხით არის შეძენილიო. არ გაუთვალსიწინებიათ ასევე ჰესის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი - 340 ათასი. ასევე დაახლობეით 5 მილიონი ლარი საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული", - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე. 

 რომეო მიქაუტაძის საქმეზე სასამართლო მსჯელობას 4 თებერვალს გააგრძელებს, სადაც ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. 

  • ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.