ახალი სკანდალი "ოცნების" ირგვლივ - ვინ ცდილობს დაბლოკოს "მეგობარი აქტი"
გამოცემა "ჰილსმა" ივანიშვილის სავარაუდო ფარული ლობისტური საქმიანობის შესახებ ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ტეხასელმა ბიზნესმენმა სტივ ნიკანდროსმა იანვარში კონგრესმენებს მისწერა და "სთხოვა მეგობარი" აქტისთვის მხარი არ დაეჭირათ.
რატომ ჩნდება კითხვები ფარულ ლობისტურ საქმიანობაზე, რაც ამერიკაში სისხლის სამართლის დანაშაულია. შტატებში ლობისტური აქტივობები ფარას კანონით მკაცრად კონტროლდება და კანონის ნებისმიერი გვერდის ავლის სქემა დასჯადია. სტივ ნიკანდროსი "ქართული ოცნების" ლობისტად ოფიციალურად რეგისტრირებული არსადაა, მეტიც "ქართული ოცნებაც" აღიარებს, რომ მათ ლობისტები არ ჰყავს.
სპეციალისტები საქმეში პოლიტიკური კორუფციის კვალს ხედავენ და ფიქრობენ, რომ ამ ამბით კონგრესი უნდა დაინტერესდეს.
კითხვებს აჩენს ტეხასელი ბიზნესმენის მოტივაციაც - როგორც გამოცემა "ჰილსი" წერს, სტივ ნიკანდროსი კონგრესმენებს არწმუნებს, რომ საქართველოში 100 000 მილიონის ინვესტიციას გეგმავს. ასეთი მსხვილი ინვესტიციის შესახებ წესით ბიზნესწრეებს უნდა სცოდნოდათ, თუმცა მსგავსი ინფორმაცია მათ არ აქვთ.