ალბათ, 10%-იც კი არ არის, რასაც კონკრეტული ჩინოვნიკები იპარავდნენ - აბესაძე განმარტავს, რატომ არის ხმაურიანი დაკავებები "შოუ"

28.01.26 20:52
 ალბათ, 10%-იც კი არ არის, რასაც კონკრეტული ჩინოვნიკები იპარავდნენ - აბესაძე განმარტავს, რატომ არის ხმაურიანი დაკავებები "შოუ"

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის  "შოუს" უწოდებს. 

მისი თქმით, "ოცნების" მიერ ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრების კორუფციული ბრალდებებით დაკავება აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა კორუმპირებული იყო, თუმცა ეს რეალურად კორუფციასთან ბრძოლა არ არის.

ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ამ ქმედებით საზოგადოებას ეუბნება, რომ მისი საქმიანობის ყველა სფერო კორუმპირებული იყო. 

"ოცნება" რასაც აკეთებს, ეს არის, პირველ რიგში, უბრალოდ შოუ სახელით - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რატომ არის ეს შოუ და რატომ არ არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ? - იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის კორუფციის შემთხვევები, რომელზედაც საუბრობს დღევანდელი ანტიკორუფციული დეპარტამენტი, მაგრამ ეს ალბათ იმის 10%-იც კი არ არის, რასაც კონკრეტული ჩინოვნიკები იპარავდნენ. 

პირველ რიგში, ხელისუფლება საზოგადოებას ეუბნება, რომ კორუმპირებული იყო მისი საქმიანობის ყველა სფერო, მათ შორის ისეთი სენსიტიური და განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი სფეროებიც კი, როგორიც არის ბავშვთა განათლება და სკოლების მშენებლობა, ბავშვთა აღზრდა, კვება და მოვლა-პატრონობა საბავშვო ბაღებში, ისეთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტები, როგორიც იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ჯანდაცვის სფერო, თავდაცვის სფერო. ფაქტობრივად ხელისუფლებამ გვითხრა, რომ არ იყო სფერო, სადაც კორუფცია არ ყვაოდა, მაგრამ მათ სურთ დავიჯეროთ, რომ ის 1 მილიონი, 7 მილიონი, 2 მილიონი, რომელიც საკმაოდ დიდი თანხებია, მაგრამ იმ მასშტაბისთვის რა მასშტაბის კორუფციაზეც თავად გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. 

რეალურად რატომ არ არის ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? - იმიტომ, რომ ჩვენ გვაჩვენებენ მხოლოდ იმ მინიმალურ მაგალითებს, რომლებიც საკმარისია ამ კონკრეტული ჩინოვნიკების ციხეში გამოსაკეტად და ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვა სწორედ მათ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება და ვერანაირ სარგებელს აქედან საზოგადოება ვერ მიიღებს, მაგრამ რაც შეეხება რეალურ მასშტაბს, იმ ფულის რეალურ გადანაწილებას, რომელიც მოპარული იყო, ის უკვე მიმდინარეობს დახურულ კაბინეტებში, არა პროკურორის სამუშაო ოთახში, არა სასამართლოს დარბაზში და შემდგომ მოპარული ფულის ბიუჯეტში მიქცევით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ისარგებლებს იმ მოპარული ფულის დაბრუნებით ჩინოვნიკებისგან, არამედ მოპარული ფულის ერთი ჯიბიდან, მეორე ჯიბეში, ვიღაცის სარდაფში, ან უკანა ოთახში გადადებით. 

სწორედ ამიტომ არ არის ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა არის აღიარება, რომ ხელისუფლება ტოტალურად კორუმპირებული იყო," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

მსგავსი სიახლეები