ადვოკატები: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე ე.წ. დაზარალებული სპეცრაზმელები არ მოჰყავთ
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე უფლებადამცველებმა "TV პირველთან" განაცხადეს, რომ ისინი უდავოდ ცნობენ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, ვინაიდან თითოეული მათგანი ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადებებია.
ერთადერთი ადვოკატებს იმ სამი მოწმე სპეცრაზმელის დაკითხვა სურთ, ვისი ჩვენების საფუძველზეც დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თუმცა ბრალდების მხარეს აღნიშნული მოწმეები მიმდინარე სხდომების დროს სასამართლოში არ მიუყვანია.
ლევან ხაბეიშვილის ბრალდების ნაწილში მოწმეები არ მოჰყავს პროკურატურას, რაც საკმაოდ უცნაურია. უკვე მერამდენე პროცესია, მრავალი თვეა ლევანი იმყოფება საპატიმროში და ვერა და ვერ დაადგა საშველი, რომ დავიწყოთ იმ სამი მოწმის დაკითხვა პროცესზე, რომელიც ერთადერთი საფუძველია პროკურატურის ბრალდების ნაწილში, რას გულისხმობს ქრთამის მიცემის შეთავაზება.
დღესაც, ჩვენთვის არის ცნობილი, რომ მოჰყავთ მხოლოდ და მხოლოდ საქმის გამომძიებელი, რომელთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები არ გვაქვს, ანუ ფაქტობრივად ეს ადამიანი ვერანაირ ჩვენებას ვერ მოგვცემს, იგი უბრალოდ ტექნიკურად არის შეყვანილი მოწმეთა სიაში და სავარაუდოდ, დღესაც, ჩატარდება ფორმალური პროცესი და გადაიდება.
უდავოდ ვცნობთ ყველა მტკიცებულებას, ვინაიდან ყველაფერი არის ლევანის საჯარო გამოსვლები, ერთადერთი რისი გამოკვლევაც გვსურს აღნიშნულ პროცესზე არის იმ 3 სპეცრაზმელის დაკითხვა, რომლებმაც ტავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, როდესაც ისმენდნენ ლევანის კომენტარებს ტელევიზიით. მერამდენე თვეა ლევანი რჩება საპატიმროში და მისი საქმის განხილვა ვერა და ვერ დაიწყო," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.