პოლიციელის ცემაში ბრალდებული დავით შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს
პოლიციელის ცემაში ბრალდებული დავით შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს - გადაწყვეტილება დეპუტატებმა ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
შარაშიძე ამ დრომდე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას დაკავებულის პირველი მოადგილე, ზააალ მამალაძე შეასრულებს.
- პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე გუშინ დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
ამასთან, "პირველების" ინფორმაციით, ჩოხატაურის მოქმედი ვიცე-მერის, ბიძინა [ბუკა] ცინცაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გოგა ჯინჭარაძის ცემაში მონაწილე ორი პირიდან ერთ-ერთი, ე.წ. კანონიერი ქურდის, კახა ჩხიკვაძის შვილი ლუკა ჩხიკვაძე სწორედ ცინცაძეების სახლში იმალებოდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საბოლოოდ "ოცნების" ჩხიკვაძე მაღალჩინოსანის სახლში არ აღმოჩნდა, თუმცა პოლიციამ იპოვა იარაღები, რომლის ფლობის ფაქტზე, "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ბიძინა [ბუკა] ცინცაძის მამა, გია ცინცაძე დააკავეს.