ლევან ხაბეიშვილი სასამართლოზე: მე ვარ მძევალი რომელსაც ციხეში უფლებები წაართვეს - წერილი არა, შვილები არა

29.01.26 14:03
ლევან ხაბეიშვილი სასამართლოზე: მე ვარ მძევალი რომელსაც ციხეში უფლებები წაართვეს - წერილი არა, შვილები არა

 

 

"მე ვარ მძევალი რომელსაც ციხეში უფლებები წაართვეს - წერილი არა, შვილები არა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ეს განცხადება პროკურორის სიტყვას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. 

დაკავებული პოლიტიკოსი პროკურორს ეკითხებოდა რატომ აუკრძალეს პენიტენციურ დაწესებულებაში შვილების ნახვა. 

უნდა უსმინოთ პოლიტიკოსი ვარ, პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული. ჩემ შვილებს შეხედე თვალებში, შენ წაართვი მამა. შეხედე აბა ჩემ შვილებს, რატომ არ უშვებთ ჩემთან ციხეში? თქვენ ვინ გეკითხებათ, სასამართლო მაძლევს უფლებას, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, მაშინ სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ხარ და ხმა არ ამოიღო. წერილი არა, ტელეფონი არა, შვილები არა. ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? მე სასამართლოსთან დაკავშირებით არ მაქვს პრეტენზია, მაქვს პროკურორთან დაკავშირებით, პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს, ხან ჩემი მოსმენა არ უნდა, პროკურორს უნდა რომ ციხეში ვიყო და მორჩა... 

აბა ჩემი მოწმეები არ მოგყავთ. ნახევარი წელია ვარ მძევლად აყვანილი. 3 გდდ-ს მოწმეა, რომელიც ამბობს, რო0მ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ერთიც არ მოუყვანიათ აქ.  მოვიდნენ და თქვან ერთი რა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი... ლამის ინვალიდი დამტოვა და ჯანმრთელობის მილიონი პრობლემა მაქვს. 

6-ში გვაქვს სასამართლო. მე ვითხოვ დაჩქარებას, მე მინდა, რომ სწრაფად დადგეს მართლმსაჯულება, თქვას რომ ეს კაცი არის დამნაშავე თუ არ არის. 2 ბიჭი მყავს, ხომ უნდა იცოდნენ თავიანთი მამა რამდენი ხანი უნდა იჯდეს, მინდა იცოდნენ როდის ვიქნები გარეთ. 

[შვილებს მიმართავს] - ძალიან მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით, ზუსტად იცოდეთ, რომ ჩემგან არასდროს არაფერი არ დაგხვდებათ წინ, სიმართლის, ადამიანობის და კაცობის გარდა. ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, რომ გიწევთ მამის გარეშე ყოფნა, მაგრამ იარეთ თავაწეულებმა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები