ჯარის ძარცვის საქმე - შესაძლოა, მოწმედ ბიზნესმენი ტუკვაძე დაიკითხოს

29.01.26 15:39
ჯარის ძარცვის საქმე - შესაძლოა, მოწმედ ბიზნესმენი ტუკვაძე დაიკითხოს

ჯარის ძარცვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი მიმდინარეობს.  დღეს ბრალდების მხარეს დასაკითხად მიყვანილი ჰყავს ორი მოწმე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ტენდერის გამოცხადების შემდეგ მის შესრულებაში.

როგორც პროცესის დაწყებამდე, ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა, შესაძლოა დღეს ასევე დაიკითხოს ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, პირი, რომლის ჩვენებაც საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ დევს. 

  • ცნობისთვის, ზურაბ ტუკვაძე სუს-ს ჩვენებაში უყვება, რომ მოგებული ტენდერების სანაცვლოდ იხდიდა ქრთამს და ფულს უგზავნიდა თავდაცის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს.
  • მეტიც, ბიზნესმენი ჩვენებაში ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული.

სისხლის სამართლის საქმეში ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ასევე დევს ამავე საქმეზე ბრალდებული ვალდიმერ ღუდუშაურის ჩვენება, რომელიც შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ღუდუშაური 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

აქამდე ვინც დაიკითხნენ თანამშრომლები, ადასტურებდნენ, რომ ყველაფერი იმ წესით მიდიოდა, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ვნახოთ, დღესაც ალბათ იგივე იქნება. გადაცდომებზე ქრთამზე არცერთი სიტყვა არ ყოფილა აქამდე. (ჟურნალისტის ჩაკითხვა:  ერთადერთი ვინც ქრთამზე და ასეთ გარემოებებზე საუბრობს არის ბიზნესმენი ტუკვაძე და ვლადიმერ ღუდუშაური - ეს შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ?) კი ბატონო, ერთ-ერთი საერთოდ უარყოფს კავშირს მასთან ჯუანშერთან. (ჟურნალისტი: თუმცა საუბრობს, რომ არამარტო მინისტრი, არამედ პრემიერიც იყო ინფორმირებული) ეს მისი ვარაუდია. ამ ეტაპზე მისი დისტაცნირუად დაკითხვის მიზანშეწონილობას მე ვერ ვხედავ, თუმცა შეიძლება დღესაც დაიკითხოს? თუმცა მე როგორც ვიცი, ჩამოსულიც იყო", - აცხადებს ადვოკატი. 

  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.