ცვლილებები კონტროლისთვის - "ოცნებაში" განმარტავენ, როგორ იმუშავეს გამკაცრებული წესები

29.01.26 15:50
ცვლილებები კონტროლისთვის - "ოცნებაში" განმარტავენ, როგორ იმუშავეს გამკაცრებული წესები

"ქართული ოცნების" წევრებმა დღეს მედიასთან განმარტეს, როგორ იმუშავებს "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები. 

"ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის თქმით, თუ პირს თანხა საყოფაცხოვრებო ან სამეწარმეო მიზნით ერიცხება, მაშინ მას მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა თუ თანხას პირს იმისთვის ურიცხავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს და გარე ინტერესები გაატაროს, ამ შემთხვევაში მთავრობის თანხმობა საჭიროა. 

არჩილ გორდულაძეს არ დაუკონკრეტებია რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ საქმიანობად. 

ამასთან, მისი თქმით, "ოცნება" ამბობდა, რომ პოლიტიკური პარტია უცხოეთიდან არ უნდა დაფინანსებულიყო, რათა გარე ინტერესები არ არ მომხვდარიყო პოლიტიკაში, შესაბამისად ივანიშვილის გუნდის წევრის განმარტებით ისეთი ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც "უცხოურ გავლენას ატარებდა", 8 წლის მანძილზე არ უნდა გახდეს პოლიტიკური პარტიის წევრი. 

თუ თქვენ თანხას გირიცხავთ, რომ არა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მიზნით ან სამეწარმეო მიზნიდან გამომდინარე გირიცხავთ, არავითარი გრანტი ეს არ იქნება, შესაბამისად არავითარი თანხმობა არ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ პირი თქვენ გირიცხავთ კონკრეტულ თანხას იმისთვის და პირდაპირ დავალებას, მითითებას გაძლევთ, რომ თქვენ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეთ და პოლიტიკაში ჩართულობით შესაბამისად გარე ინტერესები გაატაროთ, ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მიზნის მქონე მოქმედებები განახორციელოთ, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ საქართველოს მთავრობის თანხმობა. 

როდესაც ეს თანხა არის გარედან მომდინარე და მიემართება ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს დარეგისტრირებას "გამჭვირვალობის" რეესტრში, თავისთავად ეს ორგანიზაცია უცხოურ გავლენას ატარებს იმიტომ, რომ თანხას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი გალენა. 

თუ პირი თავისი საქმიანობით დაკავებული იყო, რომ უცხო გავლენა გაეტარებინა საქართველოში და ამავდროულად ვამბობთ ჩვენ, რომ პოლიტიკური პარტია არ უნდა დაფინანსდეს უცხოეთიდან იმიტომ, რომ უცხოური გავლენა პოლიტიკაში არ უნდა მოხვდეს, ზუსტად იგივე მოცემულობაა, რომ პირი, რომელიც იმ ორგანიზაციაში საქმიანობდა, რომელიც უცხოურ გავლენას ატარებდა, მას რვა წლის განმავლობაში აღარ შეეძლება პოლიტიკური პარტიის წევრი გახდეს იმიტომ, რომ გავლენა არ მოხდეს პოლიტიკაში," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ ბევრმა ორგანიზაციამ მოახერხა კანონის გვერდის ავლა.

არაერთმა ორგანიზაციამ მოახერხა, რომ ამ კანონის გვერდის ავლით მაინც მიეღო დაფინანსებები, მაგალითად რიგი ორგანიზაციები: "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გადარეგისტრირდა და ის არა უცხოური ინტერესების გამტარი, არამედ უშუალოდ უცხოურ ძალად დაფიქსირდა და შესაბამისად ამ კანონის გვერდის ავლით ისევ განაგრძობს უცხოური დაფინანსების მიღებას და რაც მთავარია ამ დაფინანსების გამოყენებას საქართველოს პოლიტიკაში ჩარევისთვის. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი. მათ შორის, ეს შეეხება შპს-ების შემთხვევასაც და ინდივიდების შემთხვევას," - თქვა ნინო წილოსანმა. 

მსგავსი სიახლეები