ეუთომ საქართველოში უფლებების დარღვევების შესასწავლად "მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედა და ექსპერტულ მისიას ქმნის
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
- ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
- 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
- ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.
ამ განცხადებას ვაკეთებ შემდეგი დელეგაციების სახელით: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ჩემი ქვეყანა, შვედეთი.
"ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველომ იკისრა ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. საქართველომ ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა არის აუცილებელი ფაქტორი მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის.
2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთების გამოსახატად და დამატებითი ინფორმაციის მოსათხოვად ეუთოს ვენის მექანიზმი აამოქმედა. ჩვენი დელეგაციები, ისევე როგორც სხვა დელეგაციები, არაერთხელ აყენებდნენ ამ საკითხებს მუდმივ საბჭოში, ვინაიდან გვჯერა, რომ საბჭო წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.
თუმცა, ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის [უფლებების] განზომილების სფეროში საერთო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულების თანამშრომლობითი განხილვის შესახებ და განსაკუთრებით ასტანაში მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებული შეთანხმების გახსენებით, რომლის მიხედვითაც "ადამიანის უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებები წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოს პირდაპირ და ლეგიტიმურ ინტერესს", ჩვენ ვეყრდნობით 1991 წლის მოსკოვის კონფერენციის დოკუმენტის მე-12 პუნქტს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებული ყურადღებით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე.
[...]
ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს ითანამშრომლოს მისიასთან და მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მის საქმიანობას. მსგავსი ჩართულობა წარმოაჩენდა კეთილ ნებასა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნას. გახსენებთ, რომ მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მისიის საქართველოს შეუძლია მისიის ერთი წევრი შეარჩიოს ადამიანის [უფლებების] განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან, რომელსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აწარმოებს.
მისიის ორგანიზების საკითხებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს", -წერია გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის დეკემბერში 4-მა პოლიტიკურმა კოალიციამ ეუთო/ოდირს ერთობლივი წერილით მიმართა და "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება სთხოვა.
წერილს, რომლითაც მათ ეუთოს მიმართეს, თან ახლდა საია-ს რეპორტი, სადაც, კოალიციების თანახმად, "ახსნილია ის ძალადობა, ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას".