“მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს - მიქელაძე

29.01.26 19:02
“მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს - მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება.

მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან.

"მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელორუსი) ხდება.

უფრო ზუსტად, მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს (OSCE) ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს. ის წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა, რაც თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო ნდობის სერიოზულ დეფიციტზე.

ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში", - წერს ის სოციალურ ქსელში.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.  განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

მსგავსი სიახლეები