ყველა გრძელვადიანი პარამეტრით ქვეყანა არის ჭაობში - საბა ბუაძე
ყველა გრძელვადიანი პარამეტრით ეს ქვეყანა არის ჭაობში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა არის მხოლოდ ფურცელზე, ეს ზრდა არსებობს, თუმცა ამით ხეირობს ძალიან მცირე ჯგუფი ადამიანების.
იმ ყველაფერმა, რაც ხდება ამ წლების განმავლობაში, რასაც აკეთებს “ოცნება“, რა შედეგი გამოიღო თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე, ვართ უფრო დაცულები როგორც ქვეყანა და სახელმწიფო? ჩვენი სუვერენიტეტი უფრო განმტკიცებულია? ფასები უფრო დაბალია? კორუფცია უფრო დაბალია? ხალხის ცხოვრება უფრო გაუმჯობესებულია? მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა გრძელვადიანი პარამეტრით ეს ქვეყანა არის ჭაობში. ეკონომიკური ზრდა არის მხოლოდ ფურცელზე, ეს ზრდა არსებობს, თუმცა ამით ხეირობს ძალიან მცირე ჯგუფი ადამიანების. კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. 35 წლამდე 100 ათასამდე მოქალაქემ დატოვა გასულ წელს ჩვენი ქვეყანა. ყველაზე შრომისუნარიანმა და მნიშვენლოვანმა ნაწილმა ჩვენი საზოგადოებისა, - განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, გამოსავალი არის იმაში, რომ საზოგადოებას შესთავაზონ პოლიტიკური ალტერნატივა.
გამოსავალი არის, რომ არ დავემორჩილოთ ამ ყველაფერს და მიუხედავად, მათი მცდელობისა, რომ პოლიტიკური პროცესი მოკლან, ჩვენ თანამონაწილეობა არ მივიღოთ ამ ყველაფერში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თუნდაც მცირე შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი გადარჩეს. ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი და ერთადერთი გამოსავალი იმის, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო არ გადავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების მორევში, - დასძინა ბუაძემ.