"გრანტების შესახებ ახალი კანონის მიზანი ადამიანების დაშინება და გაჩუმებაა" - იურისტები
რეპრესიული კანონების გაგრძელება და ადამიანების დაშინება - ასე აფასებენ მესამე სექტორში "ოცნების" მიერ დაანონსებულ გრანტების შესახებ ახალ კანონს.
იურისტების შეფასებით, ცვლილებების მიზანი, რეალურად, კრიტიკული აზრის ჩახშობა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების გაჩუმებაა.
ინიცირებული ცვლილებები, რეალურად, არის გაგრძელება იმ რეპრესიული კანონებისა, რომელიც საქართველოში 2024 წლის შემდეგ მიიღება. ყველა ასეთი ცვლილების მიზანი, სინამდვილეში, არის საზოგადოებიდან აქტიური ადამიანების განდევნა, კრიტიკული აზრის დევნა და საბოლოო ჯამში, ისეთი მსუსხავი ეფექტის ქონა, რომელიც ყველა ადამიანს გაუჩენს შიშის განცდას, რომ განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამოხატვას, შეიძლება, მოჰყვეს მნიშვნელოვანი რეპრესიები, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი. ყველა ასეთი კანონის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ის იმდენად ბუნდოვანია, რომ ადამიანი ვერ იგებს, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა იმისთვის, რომ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს არის ასეთი რეპრესიული კანონებისთვის დამახასიათებელი, რაც, საბოლოო ჯამში, მისი პრაქტიკული აღსრულება თუ შიში იმისა, რომ ის პარქტიკულად აღსრულდება, აღწევს საბოლოო შედეგს, - ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი.
იურისტ საბა ბრაჭველის შეფასებით, ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვნად აფართოებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკებს და ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს, გააკონტროლოს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეები.
ეს კანონი ეხება ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უცხოეთიდან აქვს რაიმე ტიპის შემოსავალი. ერთი ეს. მეორე, თუ ადამიანს აქვს უცხოეთიდან შეოსავალი მიმდინარე ან აპირებს შემდგომში, რომ შემოსავალი მიიღოს, თან სურს, რომ რაიმე საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვას საკუთარი აზრი, ამ შემთხვევაში, მას მოუწევს, დეკლარირება ამ ყველაფრისა, ნებართვის მიღება მთავრობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება, ჩაითვალოს გრანტად გრანტების კანონში შემავალი ცვლილების მიხედვით და გრანტის კანონის გარღვევის გამო, ამის არდეკლარირების გამო, ჩნდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 6 წლამდე ვადით.
ხელისუფლებას უჩნდება უმარტივესი შესაძლებლობა, რომ როცა გაუხარდება, ნებისმიერ დროს, კონკრეტული ადამიანები დააკავოს. არსებობს ასევე "ფარა", რომელიც უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს მიიჩნევს უცხოელად და მათგან გამოგზავნილ თანხებსაც უცხოურ გზავნილებს უწოდებს და აქ თუ გვაქს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 6 წლამდე ვადით, "ფარაში" არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არდარეგისტრირების გამო 5 წლამდე ვადით.
მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუ მას სურს, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირება, რაიმე პროტესტის გამოთქმა და ა.შ., ან არ ჰქონდეს რაიმე სახის შემოსავალი უცხოეთიდან, ან თუ ეს ექნება, მაშინ ხელისუფლებაზე იყოს დამოკიდებული ეს შემოსავალი ექნება თუ არა საერთოდ ანუ ამ შემოსავლის გადაკეტვა შეეძლოს, ან კიდევ ამ ადამიანების ციხეში გაშვება ურჩობის გამო, - ამბობს
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. "ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.