სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის ჯგუფურად ცემის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული დავით შარაშიძე.
გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა, პროკურატურა კი ყოფილი მაღალჩინოსანის მიმართ პატიმრობას ითხხოვდა.
- საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა - დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.