ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული სიგნალია - ელენე ხოშტარია
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია - ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის" პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას.
როგორც ხოშტარია წერს, ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი.
მისივე თქმით, ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი.
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია.
- 1. „ოცნებას“ არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას;
- 2. ეს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, „ოცნების“ დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია;
- 3. ეს არის არა მხოლოდ ქიმიური იარაღის, არამედ ქვეყანაში შექმნილი საერთო კონტექსტის დამდგენი ჯგუფი;
- 4. ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ისე, რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი;
- 5. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგი! მოქმედებას მოაქვს შედეგი!
ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ხოშტარია.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
- ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
- 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
- ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.