პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გრანტის ფული საქართველოზე "მავნე ზემოქმედებისთვის" გამოიყენება

30.01.26 12:41
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გრანტის ფული საქართველოზე "მავნე ზემოქმედებისთვის" გამოიყენება

ივანიშვილის ხელისუფლება გრანტების შესახებ კანონპროექტის აუცილებლობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და შიდა პოლიტიკურ პროცესებში უცხოური ჩარევის თავიდან აცილებით ხსნის. შალვა პაპუაშილის მტკიცებით, გრანტების მეშვეობით ფინანსდება ისეთი აქტივობები, რომლებიც საქართველოსთვის საზიანოა და საზოგადოებრივ კონსენსუსს ეწინააღმდეგება.

ეს იგივეა ოთახში ფეხით შეაღო კარები, შეხვიდე და დაუწყო, გინდა თუ არა, ეს ავეჯი აქეთ უნდა დავდგა, ეს აქეთ უნდა გადავდგა. ვინ ეკითხება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ვინმეს აქ პოლიტიკის დაფინანსება? ასე, რომ კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, მისთვის ეს სასიკეთოა თუ არა. არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის ყველაზე კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია. ფულს დახარჯავს ევროკავშირი იმაში, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვა კარგ საქციელად გამოაცხადოს და ამის რეკლამირება გააკეთოს. ჩვენ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ასეთ ღირებულებებზე დაფუძნებული რაიმე სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გრანტების მეშვეობით ფინანსდება პოლიტიკური პროცესებზე გავლენის მცდელობები და კონკრეტული პირების პოლიტიკური აქტივობა გარედან იმართება. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა განსაზღვრონ, გააგრძელებენ თუ არა საზოგადოებრივ საქმიანობას, თუ გადავლენ პარტიულ პოლიტიკაში.

„სერგი კაპანაძე არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ ხდება გარედან ადამიანების ტრიალი იმისთვის, რომ ხან პოლიტიკაში მოიყვანონ, ხან ერთი კარიდან ატარონ და ხან მეორიდან. მე NGO-ში არ ვყოფილვარ და არც ირაკლი კობახიძე. ფაქტია, რომ ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ 2022 წლის ივნისში NGO-ები როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ. იმ ორგანიზაციებიდან, ვისაც აქვს ძირითადად უცხოური დაფინანსება, თუკი უნდათ, რომ პარტიული საქმიანობა გააგრძელონ, აიღოს „გაგრილების“ პერიოდი და ამის შედეგ მივიდეს პოლიტიკაში. აირჩიონ რა უნდათ, უცხოური ინტერესების გატარება, თუ ქართველი ხალხის. რაც შემეხება მე, მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. "ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.  

კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.