ეუთოს ქვეყნების მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება
ეუთოს ქვეყნების მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება - დღეს შალვა პაპუაშვილი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ამგვარი მექანიზმის გამოყენების მთავარი მოტივაცია ხალხის დაშინებაა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინიციატივა საქართველოს წინააღმდეგ "პოლიტიკური ინსტრუმენტია".
ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვისა და დამორჩილებისთვის ამგვარი ორგანიზაციების გამოყენება, სწორედ ეს არის ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია.
ეს არის ერთი და იგივე მთოდი ქართველი ხალხის დაშინების მცდელობისა, მაშინ, როდესაც ღია კარს ამტვრევენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. გაბუტულ პოზიციაში არიან. არაკვალიფიციური პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით კარგად ჩანს, რომ დიალოგს და საუბარს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ. ჩვენ არაფერი, არავისთან დასამალი არაფერი გვაქვს. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი. საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-იმ გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არ ყოფილა. ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც. ამ სიყალბის შემდეგ და ჩატარებული გამოძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აგერ არის გამოძიების მასალები და მზად ვართ, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს მივცეთ შესაძლებლობა, მასალებს გაეცნონო“, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მოუმართავს, რატომ? - იმიტომ, რომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და შემდეგ კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან - „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო"...
ეს ინიციატივა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომ რადიკალებს საკვები და სალაპარაკო თემა მუდმივად მისცენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
- ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
- 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
- ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.