ვინ სად იყო 2012 წლამდე - გრანტების კანონპროექტი და „ოცნების“ ორმაგი სტანდარტი
გრანტების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის ფონზე ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის წარსულ საქმიანობაზე გამახვილდა. შალვა პაპუაშვილს უცხოურ ორგანიზაციებში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს, რაც თავად მისივე პარლამენტში ინიცირებული რეგულაციების გათვალისწინებით, დღეს პოლიტიკურ საქმიანობას პრობლემურს გახდიდა.
კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელიც უცხოური ძალისგან ფინანსდებოდა, პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში ეკრძალება. ამ ლოგიკით, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ბოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში 2020 წელს იმუშავა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა, არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პოლიტიკურ საქმიანობაშიც ვერ იქნებოდა ჩართული.
იგივე მიდგომა შეეხება „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებსაც. ირაკლი კობახიძის პოლიტიკური კარიერაც მსგავსი „გაგრილების პერიოდის“ ქვეშ მოექცეოდა. სხვადასხვა პერიოდში კობახიძე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა, მათ შორის დასავლური ფონდების დაფინანსებულ პროექტებზეც. კანონპროექტის მოქმედების პირობებში, მსგავსი გამოცდილება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის წინაპირობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
კანონპროექტის ლოგიკით, განსხვავებული მიდგომა იკვეთება ფინანსური წყაროს მიხედვით: თუ პირი პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობისგან იღებდა ხელფასს და უცხო ძალას წარმოადგენდა, ეს პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას ხელს არ უშლის, მაშინ, როდესაც ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა და დასავლური სახელმწიფო ფონდისგან გრანტის მიღება პოლიტიკური საქმიანობის ბარიერად შეიძლება იქცეს.
კრიტიკოსების შეფასებით, ასეთი მიდგომა არათანაბარ სტანდარტს ამკვიდრებს და თავად „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკურ ბიოგრაფიებსაც წინააღმდეგობაში აყენებს ინიცირებულ კანონთან.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.