საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

30.01.26 23:28
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს.

  • იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური  მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.
  •  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას, ასევე გააჩინოს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიმართ სერიოზული კითხვები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობას ეხება, მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს ფართო, ღია და გამჭვირვალე პროფესიულ კონსულტაციებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს და ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობასა და აუცილებლობას აფიქსირებს.  

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ იურიდიული დახმარების სამსახურისა და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა მართლმსაჯულების განხორციელებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი, სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველსაყოფად.

მიგვაჩნია, რომ ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას, ასევე გააჩინოს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიმართ სერიოზული კითხვები. ამასთან, იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების მოდელმა, შესაძლოა, შექმნას ინტერესთა კონფლიქტის რისკები ინსტიტუციურ დონეზე.

აღნიშნულ ცვლილებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვასთან.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობას ეხება, ეფუძნებოდეს ფართო, ღია და გამჭვირვალე პროფესიულ კონსულტაციებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს და აფიქსირებს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობასა და აუცილებლობას. ამასთან, ასოციაცია განუხრელად იდგება ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობისა და პროფესიული პრინციპების დაცვის სადარაჯოზე," - წერია განცხადებაში.