კობახიძე: თურმე თსუ ყოფილა-ჰარვარდი, სტუ-კემბრიჯი, ილიას უნივერსიტეტი-ოქსფორდი
ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გუშინ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ოცნების" პრემიერი, ირწმუნება, რომ არ შეჰხვედრია "კონკრეტული განცხადებები" იმასთან დაკავშირებით, თუ რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.
მისი მტკიცებით, ამ საკითხთან დაკავშირებული "კამპანია" სიყალბეზეა აგებული - "ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი".
"თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ, მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპინენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად 2 უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი", - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ისევე აკადემიურ საზოგადოებაში. გუშინ ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები და დეკანები.
აკადემიური პერსონალი ამბობს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებით ორი უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დასრულდება.