შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერისგან პოსტის წაშლას და ბოდიშის მოხდას ითხოვს
სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებას "ბრიყვულს" უწოდებს და ამბობს, რომ ამის გამოსწორება ევროდეპუტატს მხოლოდ პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით შეუძლია.
,,ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი”,- წერს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში "ოცნების" ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს. მისი თქმით, ივანიშვილმა, კობახიძემ და მათმა გუნდმა უნდა დატოვონ ქვეყანა და გზა დაუთმონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს - ევროპული საქართველოსკენ სვლას.