სტუ-ს პროფესორები "ქართული ოცნების" განათლების მინისტრს კვირის ბოლოს შეხვდებიან

02.02.26 19:36
სტუ-ს პროფესორები "ქართული ოცნების" განათლების მინისტრს კვირის ბოლოს შეხვდებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ განაცხადა, 4 საათიან აუდიენციაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი. 

გაირკვა ისიც, რომ ხოლო კვირის ბოლოს დაიგეგმა „ოცნების“ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრა. 

 „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ - საბჭომ, დეკანებმა, ინსტიტუტის დირექტორებმა, რექტორატმა, ადმინისტრაციამ სამინისტროსთან წარმოადგინა თავისი მოსაზრებები, წინადადებები  კონცეფციასთან დაკავშირებით - რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმა, რა არის ამაში დადებითი, ჩვენ რას ვხედავთ უარყოფითს. ეს იყო პროფესიოული საუბარი. 

ბევრი შეკითხვა იყო და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზვიადი და სხვა პირები ამ ყველაფერს მიაწვდიან ბატონ მინისტრს და ჩვენ დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს, რაზეც აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას. 
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავის ხელი გადაგრეხვა. იქნება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და კანონი. ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ერთობლივი გადაწყვეტილებით“, - თქვა დავით გურგენიძემ.