"ოცნების" დეპუტატი შვედეთის მთავრობას: თქვენ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი

03.02.26 13:49
"ოცნების" დეპუტატი შვედეთის მთავრობას: თქვენ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი

"ქართულ ოცნებაში" შვედეთში "კრიმინალის დონით" შეშფოთებულები არიან - შესაბამისი განცხადება დღეს ირაკლი კირცხალიამ გააკეთა. 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" წევრმა თქვა ისიც, რომ შვედეთის მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. 

კირცხალიამ უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ შვედეთმა მხარი დაუჭირა საქართველოში "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას.

რამდენიმე დღის წინ, შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ "მოსკოვის რუსული მექანიზმის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. 

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე "მოსკოვის რუსული მექანიზმის" ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. 

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. ასევე შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენ მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. 

ჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას," - განაცხადა კირცხალიამ. 

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე "მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.  

ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

  • ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

განცხადებაში, რომელსაც  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".

24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები". 

  • ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
  • 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
  • ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე. 

მსგავსი სიახლეები