გივი მიქანაძის პირველი კომენტარი განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

07.02.26 00:06
გივი მიქანაძის პირველი კომენტარი განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრ გივი მიქანაძისა და ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრის შემდეგ გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ "ოცნება" თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს სთავაზობს დაიწყონ რეორგანიზაციის პროცესი და საბჭოს სახით ჩამოაყალიბონ დროებითი მმართველი ორგანო. 

შეთავაზება გაკეთდა და ეს შეთავაზება არის იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც საკანონმდებლო ბაზა უკვე შესაბამისობაშია, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი და დროებითი მმართველი ორგანო საბჭოს სახით ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან პროპორციულად, ამასთან დაკავშირებით მე ვთხოვე, რომ მათ იმსჯელონ, იფიქრონ ამ საკიტხზე და დაგვიბრუნდნენ პასუხით. თუმცა მათი მხრიდან ასევე იყო შემოთავაზება, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყოს ჯერ ეს პროცესები და შემდგომში გადავიდეს ეს, თუკი შესაბამისი დასკვნა იქნება ამ სამუშაო ჯგუფიდან გამომდინარეკ, რეორგანიზაციის ნაწილში. რაზეც იყო მათი თხოვნა, რომ ამ საკითხზე გვემსჯელა. 

ერთადერთი რაც იყო ჩემი მხრიდან ხაზგასმული, რომ ჩვენ გუნდში დღევანდელი შეხვედრის შედეგებს, ათი მხრიდან გამოთქმულ პოზიციებს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ, ვიმსჯელებთ ამის თაობაზე და გვექნება ხედვა იმისა, რომ ვიფიქროთ იმის მიღმა რაც უკვე შევთავაზეთ კონკრეტულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ამ პროცესთან მიმართებაში კიდევ რა შეიძლება, რომ აკადემიურ საზოგადოებას ორივე უნივერსიტეტი შევთავაზოთ. [...]

დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ პოზიციები მოგვესმინა, ერთმანეთთან გვქონოდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და რაც მთავარია შევჯერებულიყავით მთავარზე. მთავარი რაზეც ჩვენ შევჯერდით არის ის, რომ უმაღლესი განათლების სისტემა დგას კონკრეტული გამოწვევის წინაშე, რომ რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ეს არის ფუნდამენტური რეფორმა რომელიც უნდა განხორციელდეს და კონცეფციაში ასახული გამოწვევები და კონკრეტული ნაბიჯები დამსწრე საზოგადოების მხრიდან აბსოლუტურად თავსებადია იმ კონტექსტში და მათ გამოხატეს კიდეც თავისი მზაობა, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. [...]" - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

გივი მიქანაძეს კითხვები დაუსვეს უნივერსიტეტების ისტორიული კორპუსების შესახებაც, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემდეგ გარკვეული შენობების საჭიროება აღარ იარსებებს, თუმცა დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული კორპუსები შენარჩუნდება.

„ჩვენი აქცენტია, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული შენობები შენარჩუნდეს არა მხოლოდ იერსახის თვალსაზრისით, არამედ იქ გაგრძელდეს სასწავლო პროცესიც, შესაბამისად, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. ის, თუ რომელი კორპუსები შენარჩუნდება და რომელზე მიიღება პრივატიზების გადაწყვეტილება, შემდგომი განხილვის საგანია“, - განაცხადა მიქანაძემ. 

მისივე თქმით, გაუგებარია ძველი შენობების შენარჩუნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მათ ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ და სახელმწიფო სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

“სრულიად გაუგებარია რატომ უნდა გინდოდეს ძველი შენობის შენარჩუნება, რომელსაც არანაირი ისტორიული ფასეულობა არ აქვს, მაშინ, როდესაც სახელმწიფო გთავაზობს სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას”,- განაცხადა მინისტრმა.

მიქანაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის აუცილებელ სტანდარტებს.

მისივე განცხადებით, სწორედ ამ გამოწვევიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას ორი საგანმანათლებლო ჰაბი - თბილისში და ქუთაისში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა ფაკულტეტი განთავსდება.

„კონცეფციის მე-7 გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, რიგ შემთხვევებში კი ამორტიზებული და ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ორი ჰაბი - თბილისი და ქუთაისი. ამ ჰაბებში სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა ფაკულტეტი იქნება თავმოყრილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია დაგეგმარებითი პროცესები თბილისსა და რუსთავს შორის, ასევე ქუთაისში, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.

„ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამედროვე აუდიტორიებს, არამედ იმ პრობლემის მოგვარებასაც, რომელიც დღეს არსებობს - აკადემიურ პერსონალს არ აქვს საკუთარი სამუშაო სივრცე. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი კაბინეტი. მაღალანაზღაურებადი აკადემიური პერსონალი უნდა იყოს მიბმული კონკრეტულ უნივერსიტეტზე და თავისი ცოდნა და გამოცდილება მისი განვითარებისკენ მიმართოს“, - აღნიშნა მინისტრმა.