ყაველაშვილის თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას "საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება"

09.02.26 10:07
ყაველაშვილის თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას "საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება"

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღიარებს, რომ საქართველო აშშ-ის ურთიერთობა "დაზიანებული იყო". 

როგორც მან გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, აშშ-ს წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას ცდილობდა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, "იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ დატოვა დრო სჭირდება, იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები".

„ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს ურთიერთობები სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო იყო აბსოლუტურად შეცვლილი და დაზიანებული, რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც გვქონდა დამოკიდებულება და ვგრძნობდით კიდევაც, რომ ეს არ არის ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია, წინა ადმინისტრაციაზე ვსაუბრობ, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, ესე უხეშად ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას. ის ორგანიზაციები, რომელიც ამ ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა USAID-ი და NED-ი, რომელიც პირდაპირ ავნებდნენ, სოროსის ფონდი, რომლისთვისაც პირდაპირ ბრძოლა აქვს გამოცხადებული აშშ-ს პრეზიდენტს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას. ამაში ხომ თანხვედრაა, ამას ხომ ვერავინ მოიგონებს. ესენი გადაკეთდნენ ახლა, ეს რადიკალური ფრთა, როგორც აუქნევენ დროშას და ხელს ისე მოქმედებენ - მაშინ ტრამპი იყო მათი მოწინააღმდეგე და თურმე რუსეთის კაცი, დღეს ტრამპი არის მათი მაშველი და ა.შ. ჩვენ ხომ ესე არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი.

ეს არის მთავარი გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უბრალოდ როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით ამ საპასუხო რეჟიმში, რომ ჩვენ რაღაცა გვითხრეს და რატომ არ ვაკეთებთ და ა.შ. და ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი, ეს პირიქით იყო, რომ მათ ეს დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა ამ მთელ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ეს პასუხია, რომ თუ გადავავლებთ თვალს მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ჩვენს ორ ქვეყანას ისე აღდგეს და დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები და დანარჩენი ამის შემდეგია, ვთქვათ სად შეიძლება თანხვედრა, სად შეიძლება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინება და ა.შ. ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ ღია ვართ, საკმაოდ მყარად ვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.