ჰელსინკის კომისიის სხდომის მოლოდინში - რა ავნო ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანას?
"ფეიკ ნიუსების განმხილველ" ორგანოს თენგიზ შარმანაშვილი ამერიკის სამთავრობო უწყებას უწოდებს, რომელიც ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში უწევს მონიტორინგს.
რა ავნო საქართველოს ივანიშვილის მმართველობამ, როგორ გადაუხვია დემოკრატიულ გზას, როგორ იღებენ რეპრესიულ კანონებს - ეს ყველაფერი დღეს თბილისის დროით 11 საათიდან შტატებში განხილვის საგანი იქნება.
ჰელსინკის კომისიაში დღეს დაგეგმილი მოსმენა რიგით მესამე სხდომაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს. სხდომას ამერიკელი კანონმდებლები დაესწრებიან. ანგარიშს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე 3 მომხსენებელი წარადგენს. მათ შორისაა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლორა თორნტონი, რომელმაც ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ეს განხილვები საბოლოოდ ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო მეტი ჩინოვნიკის დასანქცირებას გამოიწვევს.
ვაშინგტონთან ერთად საქართველოს საკითხი ისევ დღის წესრიგში აქვს ოფიციალურ ლონდონსაც. ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორი წევრი საგარეო საქმეთა მინისტრისგან ინტერესდება განიხილავენ თუ არა ოცნების ოფიციალური პირების მიმართ სანქციების გაფართოების საკითხს.