ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე სააპელაციო სასამართლოში - რას ითხოვდნენ ადვოკატები
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე სააპელაციო სასამართლოში - კოლეგიამ დღეს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმე თარჯიმნების ხელახალი დაკითხვის შესახებ.
11 თებერვალს გამართულ სხდომას ანასტასია ზინოვკინა დისტანციურად, მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან დაესწრო. დაცვის მხარის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სხდომათა დარბაზში, განსასჯელის სკამზე იჯდა არტიომ გრიბული. მისმა ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ, მოსამართლეთა კოლეგიას, თეა ლეონიძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით, ე.წ. ნეიტრალური მოწმეების, შსს-ს კონტრაქტორი კომპანიის თარჯიმნების, შორენა ტაბატაძისა და ანაიდა საფარიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა.