ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს
„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს, 12 თებერვალს დატოვებს.
მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ეწურება.
რუსთავის ციხესთან კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები იმყოფებიან.
მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკოსებზე შურისძიებითაა დაკავებული.
„ქართული ოცნების“ რეჟიმი არ ჩერდება და უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე პოლიტიკოსებს ბრალი წარუდგინა საბოტაჟთან დაკავშირებით - ეს არის პოლიტიკოსებზე შურისძიება, - თქვა მან.
„ველოდებით ნიკას, რომელიც სრულიად უკანონოდ იჯდა [ციხეში]. ნიკა უკანონო და პოლიტიკური პატიმარია. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ ჩერდება და უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე პოლიტიკოსებს ბრალი წარუდგინა საბოტაჟთან დაკავშირებით. ეს არის „ქართული ოცნების“, რუსული რეჟიმის ხელწერა. მათი მიზანია ზეწოლა პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე. მათი მიზანი არ არის სამართლის უზენაესობა, რაც კობახიძემ დიდის ამბით თქვა. სამართლის უზენაესობა გულისხმობს, რომ კანონები, მართლმსაჯულება და ამ კანონების აღსრულება სამართლიანი უნდა იყოს. პოლიტიკოსების მიმართ წარდგენილი ბრალი, რომლის გამოც ახლა ისინი ისხდნენ საპყრობილეში, მუდმივად დაბარებული არიან სასამართლოში და რომლის გამოც ნიკა მელია ზის ახლა საპყრობილეში და ყოველდღე ახალ-ახალ ბრალს უდგენენ, ეს არის პოლიტიკოსებზე შურისძიება. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რომ ისინი ამით პოლიტიკოსებს და პროდასავლურ პარტიებს ვერ შეაშინებენ და ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.