"225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ" - მურთაზ ზოდელავა
სასახლის ღობის დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა დაკავებულმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავას თქმით, მისი და რამდენიმე პირის წინააღმდეგ წარდგენილი 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შეტანილი საქმეში და ყველამ იცის, რომ ის ბანდიტი არაა.
აქციის მსვლელობისას თუკი მოქმედება კანონის ფარგლებს სცილდება, ამის შესაბამისი მუხლები არსებობს. ეს მუხლები 317-ე და 222-ე მუხლები წარდგენილი გვაქვს.
თუკი, მე მანიფესტაციის ფარგლებს გავცდი და ამის გამო უნდა დავისაჯო, ამისთვის ბრალი წარდგენილი მაქვს. ეს გასაგებია, ამაზე დავა სასამართლოში უნდა გაიმართოს, მაგრამ 225-ე მუხლი, რომელიც ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მუხლია მარტივად რომ ვთქვათ, სანქციებითაც განსხვავებულია. თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ - ყველას ვაჩვენებ, რომ ესენი ბანდიტები არიანო, ასე არ არის ჩემო კარგებო," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. [შიფრი: Ipn.ge]
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.