რატომ არ არის ბაზრის კვლევა საჯარო?

12.02.26 16:32
რატომ არ არის ბაზრის კვლევა საჯარო?

"ქართული ოცნების" მთავრობაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ფაკულტეტების განაწილებას საფუძვლად შრომის ბაზრის კვლევის შედეგები დაედო, თუმცა დღეს გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ კვლევაამ ეტაპზე საჯარო არ არის.

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრი მედიას დაპირდა, რომ კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება, თუმცა გივი მიქანაძემ კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა. 

ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია, ამაზე მეტყველებს ის, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს თვალსაჩინო და შესაშური მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მინდა, დაგარწმუნოთ, სრულადაა კომპეტენცია… ჩაატარა თავად ეკონომიკის სამინისტრომ, მე რამდენადაც ვიცი, შიდა რესურსით, ამასთან ერთად პროცესში ჩართული იყო განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი.

იცით, რომ პრემიერმა ეკონომიკის მინისტრთან და ჩემთან ერთად სპეციალური შეხვედრა ჩაატარა ბიზნესსექტორთან, როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, გამოთქვეს გულისტკივილი, რომ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ მზაობა, ჩაერთონ…“, – თქვა მიქანაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, ჯერ კიდევ 15 დეკემბრის კვირაში უნდა გასაჯაროებულიყო.