ვიბრძოლებთ, განათლებას ძალოვანი მინისტრების მიერ შემუშავებულ კონცეფციას ვერ გადავაყოლებთ - ილიაუნის რექტორი

12.02.26 18:20
ვიბრძოლებთ, განათლებას ძალოვანი მინისტრების მიერ შემუშავებულ კონცეფციას ვერ გადავაყოლებთ - ილიაუნის რექტორი

 

 

"განათლების დეფორმას ვერ შერანაირად შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით"- ამის შესახებ "პირველებს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოების სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

"ჩვენი პროფესორების ენთუზიაზმით შექმნილ კვლევა-სწავლების პროგრამებს, ინფრასტრუქტურისა და ძალოვანი მინისტრების მიერ შემუშავებულ კონცეფციას ვერ გადავაყოლებთ" - თქვა დობორჯგინიძემ TV პირველის ეთერში. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი მოწოდება, საკითხზე დაეწყოთ ღია, ინკლუზიური პროცესი არ გაითვალისწინა. 

"ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა გზებით ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლა" - აღნიშნა მან. 

"ქართულ ოცნებას" არავითარი კრიტერიუმები არ შეუმუშავებია. წარმოიდგინეთ, გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ განმარტებით ბარათში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ მონაწილეობდა პროცესში, რომელი ჯგუფი, რომელი საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტს ჰკითხეთ აზრი, ასეთი რამ ამ გრაფაში არ არსებობს. ეს არ არის ქვეყანა სადაც გადაწყვეტილება განათლების შესახებ - ჩვენი მომავლის შესახებ უნდა მიიღონ ძალოვანმა და ინფრასრეუქტურის მინისტრებმა. ეს ერთხელ უკვე მოხდა ამ წვეყანაში - 1926 წელს და მაშინ ძალიან რთულად დასრულდა ყველაფერი. ჩვენ არ გვინდა, იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ. ამიტომ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება მზად არის, ეს ასე არ მოხდეს"- თქვა ნინო დობორჯგინიძემ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა - "დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, აუკრძალა უნივერსიტეტს თავისი ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში, საერთოდ გააუქმა აკადემიური თავისუფლების ცნება ამ ქვეყანაში, რასაც არავითარ შემთხვევაში  ვერ დავუშვებთ". 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ილიაუნის მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობები ექნება. 

თუკი ახლა ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი ათობით პროგრამას ახორციელებს, მომავალი წლიდან პედაგოგიკა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები დარჩება.