ილიაუნი გაუქმების საფრთხის წინაშე - კობახიძის გეგმას პროტესტი მოჰყვა
"ქართულმა ოცნებამ" 13 სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიები გაუუქმა. ყველაზე მეტი მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება, ყველაზე ცოტა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. წნეხში მოყვნენ რეგიონებში არსებული სასწავლებლებიც - თუ ვინმეს უნივერსიტეტში მებაღეობის შესწავლა უნდა, ის ან გორში ან ზუგდიდში უნდა გადავიდეს საცხოვრებლად.
ყველა ამ უნივერსიტეტმა ცვლილებების შესახებ ტელეეთერით მოისმინა . განათლების სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია - საჭიროდ არ ჩაუთვლიათ. რეფორმის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას ბევრი იურისტი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი და ეკონომისტი ჰყავს - ასეთი კადრები აღარ უნდათ.
ყველაზე დიდი წნეხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მოდის. მას ოთხი ფაკულტეტიდან და 100 -მდე პროფესიული მიმართულებიდან მხოლოდ პედაგოგიკა და საერთაშორისო პროგრამები დარჩა, სადაც ინჟინერიას, მათემატიკას, ტექნოლოგიებს და მეცნიერებას შეასწავლიან.
ილიაუნის პროფესურას მხოლოდ სამართლებრივი დავა რჩება გამოსავლად. უნივერსიტეტი, რომლის პროფესიებიც საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა, ახლა ამ მიმართულებების გარეშე რჩება.
რა კვლევაზე დაყრდნობით შემცირდა პროფესიები სახელმწიფო უნივერსიტეტებში - რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, ისევ გასაიდუმლოებულია.