ჯარის ძარცვის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა
ჯარის ძარცვის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გამოიკითხა.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპდოენტი იუწყება, მოწმემ თქვა, რო, სამინისტროში არსებული შესყიდვების კომისია მხოლოდ ფორმალურად არსებობს და არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს მსჯელობა.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მთელი პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ინფრომირებული იყო ყველა შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე მოწმემ თქვა, რომ იყო საჩქარო ხელშეკრულებაც, რაზეც ჯუანშერ ბურჭულაძემ მას ჰკითხა, "რომელ ხელშეკრულებაზე უთხრეს, რომ საჩქარო იყო", რაზეც თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ 4-5 ხელშეკრულებაზე უთხრეს, განსაკუთრებული შესყიდვა იყო.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.