"ოცნებას" აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა - ოპოზიცია
"ქართულ ოცნებას" აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა, - ასეთია ოპოზიციის შეფასება სახდეპის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონიდან გაკეთებული გზავნილი მკაფიო სიგნალია, თუმცა, მათი შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის ნიშნები არ ჩანს.
პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ურთიერთობების რეალური გაუმჯობესება მხოლოდ განცხადებებით ვერ მიიღწევა და პროცესს კონკრეტული ქმედებები სჭირდება.
ჩვენ ვნახეთ, რომ მდინარაძის ამერიკაში ჩასვლას, მათ შორის, დარსალიას ამერიკაში ჩასვლას რა მოჰყვა. გამოქვეყნდა შათირიშვილის წერილი, რომელმაც დიფსთეითის მართვაში დაადანაშაულა ტრამპი ანუ დისკრედიტაციას ახდენენ აშშ-სი და მათი ლიდერშიფის, ასევე ირანის დროშა ააფრიალეს თბილისში არსებულ ანძაზე. ეს არის ის გაურკვევლობა, რასაც "ქართული ოცნება" იწვევს და ამიტომ მათ სერიოზულად ვეღარ აღიქვამენ. ამერიკას აქვს ერთადერთი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა: ქვეყანა დაუბრუნდეს ემოკრატიულ გზას, პოლიტიკური ლიდერები არ ისხდნენ ციხეში. ანუ სიტუაცია, რაც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, ეს უნდა შეჩერდეს და მეორე მნიშვნელოვანი არის, შეწყვიტონ აშშ-ს დისკრედიტაცია. არცერთს არ ასრულებს "ქართული ოცნება", მაგრამ ამავდროულად, სიტყვიერად ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი თუ ხალხი, ლიდერშფი დაარწმუნოს იმაში, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება უნდათ - არ უნდათ. სინამდვილეში, მათ უნდათ საბოტაჟი ამერიკასთან, იმიტომ, რომ ეს არ უნდა რუსეთს, - ამბობს ბუტიკაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიაც.
არავითარი ნორმალიზება არ მომხდარა და ეს განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ნორმალიზებას სჭირდება ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა "ქართული ოცნების" რეჟიმის მხრიდან, როგორიც არ გადადგმულა და არც მისი გადადგმის სურვილი არ დაფიქსირებულა. ეს ნაბიჯებია, პირველი - ახალი არჩევნების ჩანიშვა, მეორე, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მესამე - შემზარავი ანტიდასავლური და ანტიქართული რიტორიკის შეწყვეტა, რაც ამ რეჟიმის ყველა წარმომადგენელს, განსაკუთრებით სპიკერს და პრემიერ-მინისტრს ახასიათებთ, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ივანიშვილის პარტიამ შტატებიდან ახალი გზავნილი მიიღო. "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ წერილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუბიოს უწყება მუშაობს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადადგას იმ შემთხვევაში, თუ მათ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად უნდათ.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება და თბილისთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ესწრაფვის.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს თანამშრომლობის დღის წესრიგსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.