ბოდიში არ იქნება, ფილმი არ მოიხსნება - BBC-ის პასუხი "ოცნებას"

13.02.26 21:11
ბოდიში არ იქნება, ფილმი არ მოიხსნება - BBC-ის პასუხი "ოცნებას"

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბოლო კომენტარს ოპოზიციური მედია აფასებს როგორც აღიარებას, რომ პარტია BBC-ისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს არ ასაჯაროებდა.

დღეს ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ მოსარჩელე მხარეს,  „ქართულ ოცნებას“ საჩივარზე პასუხი უკვე გაეგზავნა. BBC-ის განცხადებით, ბოდიშის მოხდას არ აპირებს და სრულად უჭერს მხარს საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ფილმს.

საუბარია დოკუმენტურ ნამუშევარზე, რომელიც 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. ფილმში წარმოდგენილია მასალა, სადაც განხილულია აქციების დაშლისას გამოყენებული წყლის ჭავლისა და შესაძლო ქიმიური ზემოქმედების საკითხი.

ფილმი კვლავ ხელმისაწვდომია BBC-ის პლატფორმებზე. მასზე არ არის დართული მინაწერი ბოდიშის ან შესწორების შესახებ, რაც მედიის ნაწილის შეფასებით მიუთითებს, რომ მაუწყებელმა უარი თქვა როგორც ბოდიშზე, ისე კონტენტის წაშლაზე.

თემასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია კითხვები: რა მოხდა 2024 წლის აქციების დროს საქართველოში, რა ნივთიერებების გამოყენებაზე იყო საუბარი და ვინ არის პასუხისმგებელი დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მიუხედავად ოფიციალური გამოძიებისა, რიგ საკითხებზე პასუხები საჯაროდ ჯერაც არ გავრცელებულა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.