ექსკლუზივი: ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა.
ფაქტს, რომ ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
"ლევან დავითაშვილი ამ წუთებში ქვეყანაში არ არის“ - ამბობენ უწყებაში.
"პირველები" ლევან დავითაშვილს დავუკავშირდით, კითხვაზე დატოვა თუ არა მან ქვეყანა განაცხადა, რომ ის "არსად გაქცეულა".
არ გეტყვით, არ გავაკეთებ კომენტარს. მე არსად არ გავქცეულვარ, რას ლაპარაკობთ, საიდან მოიფიქრეთ.
მე გეტყვით, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული [სუს-ში]" - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. 6-საათიანი გამოკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ გამოკითხვა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა.
დავითაშვილის ამ კომენტარს მალევე სუს-ის საგანგებო განცხადება მოჰყვა, სადაც მდინარაძის უწყებამ ექს მაღალჩინოსანი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მის მიერ მიცემულ ინტერვიუში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა.
როგორც უწყებამ “პირველებს“უთხრა, ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
გაირკვა ისიც, რომ სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება გაზმომარაგების კონტრაქტთან დაკავშირებით, რამაც სავარაუდოდ, საქართველოსთვის პირობები გააუარესა.