დაჯი კოვზირიძე „ოცნებას“: უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ!
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს პერსონალური პასუხისმგებლობა უწინასწარმეტყველა.
კოვზირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოქალაქეთა სოციალური პრობლემები უყურადღებოდ დატოვა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ცხოვრების გაძვირებაზე, პენსიებსა და ხელფასებზე, აზარტული თამაშების პრობლემასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე.
მისივე თქმით, პარლამენტში 40-ზე მეტი მილიონერი დეპუტატია, რომლებიც, კოვზირიძის შეფასებით, მოქალაქეების ინტერესებზე წინ საკუთარი ბიზნესებისა და ძალაუფლების შენარჩუნებას აყენებენ.
„მაგრამ მინდა, ყველამ კარგად მოისმინოს აქ თეთრ სავარძლებში თვითკმაყოფილებმა: ისტორიის არმცოდნეებმა ნუ გგონიათ, რომ ეს დაუსჯელი დარჩება! თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ. მალე მოვა დრო, როდესაც თითოეული უკანონობისთვის, თითოეული მოპარული ხმისთვის, თითოეული გაღატაკებული ოჯახისთვის, მშიერი ბავშვისთვის, მშიერი პენსიონერისთვის მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! და როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იქ იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს,“ - განაცხადა კოვზირიძემ.