რა ფაქტებს დაეყრდნო ეუთოს სპეცმისია, როდესაც ანგარიშში წამებასთან გათანაბრებული მოპყრობების შესახებ დაწერეს

13.03.26 11:34
რა ფაქტებს დაეყრდნო ეუთოს სპეცმისია, როდესაც ანგარიშში წამებასთან გათანაბრებული მოპყრობების შესახებ დაწერეს

რა ფაქტებს დაეყრდნო ეუთოს სპეცმისია, როდესაც ანგარიშში წამებასთან  გათანაბრებული მოპყრობების შესახებ ისაუბრა. როგორც ირკვევა, კვალიფიციურმა ექსპერტებმა პირადად მოისმინეს იმ ადამიანების ისტორიები, ვისზეც ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ნიღბიანებმა იძალადეს.

ინტერვიუების დროს დაზარალებულები სასტიკ ანგარიშსწორებაზე ჰყვებოდნენ - მათ შორის  ფურგონებში მომხდარ ფაქტებზე. ყველა ეს ფაქტი “მოსკოვის მექანიზმში“ შეფასებულია, როგორც წამება.

პროტესტების დროს, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასაც — მათ შორის სექსისტურ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას ან დამამცირებელ გაშიშვლებულ ჩხრეკას.
Amnesty International-ის ცნობით, ერთ-ერთმა გამოკითხულმა ქალმა განაცხადა, რომ იგი „გააშიშვლეს და აიძულეს, შიშველი დაწოლილიყო იატაკზე, 2025 წლის 28 მარტს დაკავების დროს. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სამართალდამცველებმა უარი უთხრეს მედიკამენტებზე და საპირფარეშოს გამოყენებაზე, მაშინაც კი, როდესაც მას განუვითარდა ჰიპერტენზია და განმეორებითი ღებინება დაეწყო.“ 
მომხსენებელს სურს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ამ მანდატის ფარგლებში მიღებულ მრავალრიცხოვან ანგარიშებსა და კომუნიკაციებში აღწერილი იყო არასათანადო მოპყრობის მძიმე ფორმები, რომლებმაც შესაძლოა წამების ზღვარი გადალახეს, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რეზინის ტყვიების ახლო მანძილიდან დამიზნებით სროლა, წყლის ჭავლის გამოყენება, სასტიკი ძალადობა - ეს ყველაფერი ანგარიშში შეფასებულია, როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა ე.წ. ტიტუშკების საქმეებიც - ნიღბიანი პირები როგორ ესხმოდნენ თავს მოქალაქეებს და ოპოზიციონერ ლიდერებს. გამოთქმულია მოსაზრება, ინტერვიუებზე დაყრდნობით, რომ ეს პირები, დაკავშირებულები არიან სახელისუფლებო ძალასთან და კოორდინირებულად მოქმედებდნენ უსაფრთხოების სამსახურთან.

არსებობს მრავალი საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეო, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიცია, ისევე როგორც ნიღბიანი, დაუდგენელი პირები, სცემდნენ, ურტყამდნენ, სილას აწნავდნენ პროტესტის მონაწილეებს და ემუქრებოდნენ მათ გაუპატიურებით ან სიკვდილითაც კი.
ერთ-ერთმა გამოკითხულმა განაცხადა:
„ვინც კი დაეცემოდა, ყველას სცემდნენ და ფეხებით ურტყამდნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყავი. დავინახე ჩემი მეგობარი. მეგონა, მკვდარი იყო. თავი მთლიანად სისხლში ჰქონდა და ხმამაღლა ვიყვირე." 
ზოგიერთი მომიტინგე სისხლით დაფარული ფურგონებით გადაიყვანეს, სადაც, როგორც ამბობენ, კიდევ უფრო სცემეს. ზოგიერთი ჩვენების თანახმად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დახურულ ფურგონებში, სადაც მომიტინგეები იმყოფებოდნენ.
მომხსენებელმა მიიღო იმ ქალის ჩვენებები სამედიცინო დოკუმენტაციასთან და ფოტოებთან ერთად, რომელიც, როგორც ამბობენ, პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა საპროტესტო ბრბოდან გაიყვანეს და შემდეგ სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, ის თანამშრომლობდა და თავიდან დარწმუნებული იყო, რომ პოლიციელებს მისი დახმარება სურდათ, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, არაერთი ფაქტია აღწერილი, როდესაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. ანგარიშში მოხვდა ფაქტები და ინტერვიუები მედიის წარმომადგენლების, როგორ გახდნენ ფიზიკური თავდასხმის ობიექტები იმის მიუხედავდ, რომ სამართლამდაცველებთან თავს აიდენტიფიცირებდნენ.

„ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად ვიყავი. მოულოდნელად სხვადასხვა პოლიციურმა ძალამ ალყა შემოგვარტყა, დაიწყეს ცემა და ფეხებით დარტყმა. ძალიან ბევრ შეურაცხმყოფელ სიტყვას იყენებდნენ. ეს ჩემთვის გასაკვირი იყო. პოლიცია ადრე ასე არ იქცეოდა. ისინი არც კი ცდილობდნენ ჩემს დაკავებას — უბრალოდ ცემა დაიწყეს. ვყვიროდი: ჟურნალისტი ვარ-მეთქი. მიპასუხეს: ვიცითო. რამდენიმე წამით გონება დავკარგე. ერთ მომენტში ამ ადგილიდან წამათრიეს და პარლამენტის შენობის უკან წამიყვანეს. უნდა გამევლო დერეფანი, სადაც ორივე მხარეს პოლიციელები იდგნენ და მაინც სახეში მირტყამდნენ.
პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილებით რამდენიმე საათი ველოდებოდი სამედიცინო დახმარებას. იქ მხოლოდ ერთი ექიმი იყო. მან ვერ შეძლო სისხლდენის შეჩერება და თქვა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა მჭირდებოდა. საავადმყოფოში ოპერაცია ჩამიტარდა, რადგან ცხვირი მქონდა მოტეხილი. ასევე დამისვეს ტვინის შერყევის ნიშნების დიაგნოზი, - ვკუთხულობთ ანგარიშში.

ინტერვიუერები ესაუბრნენ იმ საჯარო მოხელებსაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. მათი შეფასებით, სწორედ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების და აქციაზე დგომის გამო დარჩნენ სამსახურის გარეშე.

ანგარიშში მოხვდა რეპრესიული კანონმდებლობაც. არასამთავრობო ორგანიზაციების და ფონდების დაყადაღების ფაქტები. ეს ყველაფერი კი შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა.