"ეს იყო წამება, იუსტიციის მინისტრი უკვე უნდა იყოს გადაყენებული თანამდებობიდან" - ჯიშკარიანი
ცენტრ "ემაპთიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, გუშინ გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკისრებს. ჯიშკარიანის თქმით, რატი ბრეგაძე უკვე გადაყენებული უნდა იყოს თანამდებობიდან. ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება განხორციელდა.
ხელისუფლებამ არამარტო ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა მოშიმშილე პატიმარზე, არამედ უკვე ფიზიკური ძალის გამოყენებით განახორციელა წამების ფაქტი.
უპირებდნენ ნემსის გაკეთებას, რაც ყოვლად დაუშვებელია. არანებაყოფლობითი მკურნალობა მხოლოდ სასამართლოს ნებართვით არის შესაძლებელი.
იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა ბადრაგებზე განახორციელა ზეწოლა და დაამტვრია აპარატურა, რა თქმა უნდა, უკვე არის დარღვევა. იუსტიციის მინისტრი უკვე უნდა იყოს გადაყენებული თანამდებობიდან", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
ჯიშკარიანის შეფასებით, გლდანის მე-18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის შეყვანის დროს პატიმრების შეურაცხმყოფელი შეძახილები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო წაქეზებული.
საავადმყოფოში შეყვანისას ჩვენ ყველა მომსწრე გავხდით და გვესმოდა პატიმრების (შეძახილები). ამგვარ ქმედებას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავს ადმინისტრაციის ხელშეწყობის გარეშე", - ამბობს ჯიშკარიანი.