არაჰუმანური მოპყრობა, წამება - არასამთავრობები სააკაშვილის გადაყვანაზე

09.11.21 15:29
არაჰუმანური მოპყრობა, წამება  - არასამთავრობები სააკაშვილის გადაყვანაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს წამებად და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად  აფასებენ. 

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო"-ს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, გუშინ  მომხდარ  მიხეილ სააკაშვილის  ძალით გადაყვანის ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას  აკისრებს. გიგაურის თქმით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება პროვოკაცია იყო. 

მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ არის დაცული, ის უნდა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკაში. რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მისი ასეთი სახით გადაყვანასთან დაკავშირებით, ეს იყო პროვოკაციული გადაწყვეტილება, მაშინ როცა ამდენი ადამიანი იყო შეკრებილი თავისუფლების მოედანზე. მთელი პასუხისმგებლობა არის "ქართულ ოცნებაზე" და მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, საითკენ მიყავთ ეს ქვეყანა", - ამბობს ეკა გიგაური. 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუშინ განხორციელებულ შეურაცხყოფას არაჰუმანურ აქტად და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.  

მისი შეურაცხყოფა სხვა პატიმრების მხრიდან მდუმარე თანხმობით ჩადენილი არაჰუმანური აქტია, არაადამიანური მოპყრობაა, ეს ხელისუფლებამ გააკეთა მიზანმიმართულად, მისი ინტერესი იყო რომ ეს ფაქტი ესე შემდგარიყო . ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა პოლიტიკური მოტივებით", - ამბობს იურისტი გიორგი მშვენიერაძე. 

გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა . მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხება, შემდეგ კი დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

მსგავსი სიახლეები